სოციალურ-ეკონომიკური საკითხები
უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? განმარტება

საქართველოში ქალების საპენსიო ასაკი 60 წლიდან იწყება, ხოლო მამაკაცების – 65 წლიდან. ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საპენსიო ასაკის ზღვრების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ?
უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია?განმარტება

შრომის ინსპექცია – სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს უწევს შრომითი კანონმდებლობის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში სანქციების გატარებას. შრომითი კანონმდებლობის დაცვაში იგულისხმება შრომის პირობების კონტროლი, შრომითი ხელშეკრულებების შრომის კოდექსთან შესაბამისობის შემოწმება,  შრომითი დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა და ა.შ. საქართველოში მოქმედებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებიც ძირითადად მონიტორინგითა და რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება  და მას სანქციების დაწესების უფლება არ აქვს.

უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? განმარტება

„საქსტატის“ მონაცემებით 2014 წელს სახელმწიფო სექტორში 251 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 36.2%-ს შეადგენს. დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი 14.3%-ია.

უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა?განმარტება

ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა უმუშევართა შემწეობას არ ითვალისწინებს.

უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი?განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის N351 ბრძანებით საქართველოში მინიმალური ხელფასი შეადგენს 20 ლარს.

უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება?განმარტება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მინისტრის ბრძანებით ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ორსულობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება?განმარტება

საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება (კანონით განსაზღვრული გამონაკლისის გარდა – თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის ორგანოებში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირის შექმნის თავისებურებები განისაზღვრება ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით). პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიული ნიშნის მიხედვით.

ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას?
დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი?განმარტება

აბორტი არის სამედიცინო პროცედურა, რომლის შედეგადაც ხდება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ნაყოფის მოცილების გზით. საქართველოს კანონმდებლობით აბორტი დაშვებულია ორსულობის მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდება გასაუბრება და ამოიწურება მოსაფიქრებლად გამოყოფილი ხუთდღიანი ვადა. თუ ორსულობიდან სამ თვეზე მეტია გასული, აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აბორტის რეგულირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ინტერაქტიულ რუკაზე.

უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)?განმარტება

ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით. საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობის მიღება აკრძალულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ევთანაზიის რეგულირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

გარემოსდაცვითი საკითხები
უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება?განმარტება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გზისთვის ვარგისიანობის ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო არ არის. ამჟამად აღნიშნული ტესტირება სავალდებულოა მხოლოდ რვა მგზავრზე მეტის გადასაყვანად განკუთვნილი  სატრანსპორტო საშუალებისთვის, ასევე მძიმე ან სახიფათო ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისთვის.

აკრძალული უნდა იყოს თუ არა საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების გაყიდვა?განმარტება

საქართველოს კანონმდებლობით გენმოდიფიცირებული საკვების გაყიდვა აკრძალული არ არის, თუმცა სავალდებულოა პროდუქტის ეტიკეტირება, თუ მის შემადგენლობაში არსებული გენმოდიფიცირებული კომპონენტების  შემცველობა საერთო მასის 0.9%-ზე მეტია. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია/შეტანა.

ემხრობით თუ არა საქართველოში დიდი მოცულობის ჰიდროელექტროსადგურების აშენებას?
საშინაო საკითხები
ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას?განმარტება

კვოტირების მიზანია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისება. 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ერთხელ უკვე ვერ მიიღო მხარდაჭერა. ეს იდეა საქართველოში კვლავ აქტუალურია. პარლამენტში ამჟამადაც არის წარდგენილი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების შესახებ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები?განმარტება

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომლის საფუძველზეც ეკლესიას მიენიჭა მთელი რიგი პრივილეგიები. 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს 25 მლნ ლარს. გარდა ამისა,  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციები. ამ მიზნით 2014 წელს სახელმწიფომ გამოყო 1 750 000 ლარი, ხოლო 2015 წელს დაფინანსება გაორმაგდა და 3 500 000 ლარი შეადგინა.

უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით?განმარტება

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი). 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს  25 მლნ ლარს. გარდა ამისა, კონკორდატი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ითვალისწინებს სხვა შეღავათებსაც. მაგალითად, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი?განმარტება

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით  40 მლნ ლარით ფინანსდება.

უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)?
უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება?განმარტება

2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.  ამ ცვლილების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის, მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებდა. აღნიშნული დებულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, შესაბამისად, ამჟამად ამ თვალსაზრისით არანაირი საკანონმდებლო აკრძალვა არ მოქმედებს.

ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას?განმარტება

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი  18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (მამრობითი სქესის), რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე  და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელი სამხედრო სამსახურში მსახურობს 12 თვის განმავლობაში.

დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიხედვით  ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც შესაბამისი წესით რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.  სამოქალაქო პარტნიორობა/კავშირი ან სხვა მსგავსი შინაარსის მქონე ინსტიტუტი დაშვებულია ბევრ ქვეყანაში და მასში მონაწილე მხარეები, როგორც წესი, ქორწინებასთან შედარებით ნაკლები სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების რეგულირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით?განმარტება

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლისა და  „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მიხედვით ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? განმარტება

საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტიის შესახებ“ კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებას საჯარო სივრცეში. ასეთი სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით სპეციალურად შექმნილი კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა.

აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა?
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები
უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? განმარტება

ამჟამად ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე ვრცელდება, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობს, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.  პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი გეგმური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების  მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ანაზღაურებს მედიკამენტებს.

ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას?განმარტება

მარიხუანას მოხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ლეგალიზება გულისხმობს ნარკოტიკების თავისუფალი საბაზრო ურთიერთობის ობიექტად ქცევას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

საგარეო პოლიტიკის საკითხები
ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას?განმარტება

2016 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 873 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში?
ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში?
ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში?
უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს?განმარტება

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის – ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. სანქციები ძირითადად მოიცავს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებისა და კომპანიების აქტივების გაყინვას, გარკვეული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვის აკრძალვას და სხვა.

უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა?განმარტება

2016 წლის მაისში თორმეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას  მიმართა ინიციატივით, რომელიც იმ რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირების აკრძალვას ითვალისწინებს, რომლებიც კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ისახავს მიზნად. მსგავსი პრაქტიკა  გავრცელებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

განათლების საკითხები
ემხრობით თუ არა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას?განმარტება

ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9 კლასებს, ხოლო საშუალო – 10-12 კლასებს.

აკრძალული უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება?განმარტება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინიზაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენება.

სრულად უნდა დაფაროს თუ არა სახელმწიფომ სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები?